მოსალოდნელია თუ არა სამომხმარებლო ფასების შემცირება – ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე ინფლაციასთან დაკავშირებული პროგნოზის შესახებ
არსებული პროგნოზით შეიძლება, ინფლაცია ოქტომბრისთვის ან წლის ბოლოსთვის 9 %-მდე შემცირდეს, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელს მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა. ცუცქირიძემ განმარტა, რა იწვევს ფასების ზრდას.
„ყველაზე მაღალი ინფლაცია წლის დასაწყისში გვქონდა, თებერვალში, დაახლოებით 13, 7 % იყო. მარტში 11, 8 %-მდე შემცირდა. აპრილში ისევ გაზრდილია – 12 8 %-ია.
ანალოგიური ტენდენცია თითქმის მთელს მსოფლიოშია: აზიაშიც, ევროპაშიც, აშშ-შიც, რეგიონის ქვეყნებშიც. უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკებზე ომის პირდაპირი ზეგავლენაა. უკრაინაში ინფლაცია დაახლოებით 16. 7 %-ია, რუსეთში დაახლოებით 17, 8 %-ია. თურქეთში რეკორდია – მარტში 61 % იყო, აპრილში კი 69, 8%-ია. ეს ძალიან მაღალი ინფლაციაა. ამერიკასა და ევროპაში ბოლო 40 წელია ასეთი მაღალი ინფლაცია არ ყოფილა. ამერიკაში მარტში 8, 5 % იყო, ევროპაში 7, 8 %-ია. ასეთი მაჩვენებელი 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
მაღალი ინფლაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები რომ ავხსნათ: ესაა, პირველ ყოვლისა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. აქ იგულისხმება საწვავის, ტრანსპორტის, გზის ფასი. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომთანაა დაკავშირებული. ამის გარდა, ევროკავშირში, აშშ-ში, აზიის ქვეყნებში, ჩვენთანაც სასურსათო ინფლაციაც მაღალია . ეს ამ ომის ზეგავლენასთან, მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთან, ანუ დეფიციტთანაა დაკავშირებული. არის პროგნოზი, რომ შესაძლოა, პური და ხორბალი კიდევ გაძვირდეს. ის ქვეყნები, რომლებიც ხორბალს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ, ფიქრობენ, საექსპორტო კვოტები შეზღუდონ. ძალიან მაღალია ზეთის, წიწიბურის ფასი. ზოგადად, სასურსათო კალათა მთლიანად გაძვირებულია.
საქართველოში ინფლაცია გასულ წელსაც 12, 8 % იყო. აგვისტოში – 12,8, შემდეგ ეს შემცირდა, მაგრამ ოქტომბერში ისევ 12, 8-ზე ავიდა. ითვლება, რომ ზაფხულში სურსათზე ფასები შედარებით იკლებს, რადგან ადგილობრივი პროდუქცია შემოდის, ძირითადად, ხილ-ბოსტნეული. პროგნოზი არის, რომ ინფლაცია, შეიძლება, ოქტომბრისთვის ან წლის ბოლოსთვის 9 %-მდე შემცირდეს. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში კი იმაზე, თუ რა ინტესნივობაში იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, კიდევ უფრო ესკალაციისკენ წავა თუ გარკვეული შეთანხმებისკენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში სახეზე იმპორტირებული ინფლაცია გვაქვს. როგორც ეკონომისტმა განაცხადა, ქვეყანა უფრო თვითკმარ ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს და იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივით ჩანაცვლდეს.
„ინფლაციის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი მონეტარული განაკვეთია, რომელსაც ცენტრალური ბანკები ადგენენ. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული განაკვეთი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც გაზარდა. ის ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2 %-ია. არც ელოდებიან, რომ შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის შემცირებას არ ელოდებიან.
ჩვენთან როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ, დიდი ფაქტორი გარედან შემოტანილი, ანუ იმპორტირებული ინფლაციაა – დაახლოებით 70-80 %-ია. სახეზე იმპორტირებული ინფლაცია გვაქვს.
მთავრობამ ერთ-ერთი ბერკეტი აამოქმედა – ესაა მონეტარული განაკვეთი.
ვიცით, ფასები როგორ აისახებოდა მედიკამენტებზე. ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში ერთ-ერთი დიდი ნაწილი წამლებს ეკავა. ვნახეთ, რომ ფასები ძალიან მაღალი იყო. ახლა ბევრ მედიკამენტზე ფასები საშუალოდ 60-80 %-ითაა შემცირებული, ზოგიერთზე 110 და შეიძლება 200 %-ითაც. ბუნებრივია, ეს კარგია. უკვე დგინდება, რომ საწვავზე ფასები ძალიან აწეული იყო. კარგია, რომ კონკურენციის სააგენტო ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რაც, ბუნებრივია, საწვავზე ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
კიდევ ერთი ბერკეტი, რაც შეძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს, უფრო თვითკმარ ეკონომიკაზე გადასვლაა. მნიშვნელოვანია იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება.
გვაქვს იმის საშუალება, რომ ცალკეული შემოტანილი პროდუქცია ადგილობრივით ჩავანაცვლოთ, მათ შორის, ხორბალი.
ზოგადად პროგნოზი, რომ ინფლაცია მომავალ წლებში შემცირდება, არ არის. ჩვენ უნდა ვემზადოთ, რომ ინფლაციის იმპორტის ნეგატიური ეფექტის შემცირება თავად მოვახდინოთ. კარგია, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
თამუნა შეყილაძე