“ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება უკვე დიდად არაფერს ცვლის” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება უკვე დიდად არაფერს ცვლის, რადგან ეს ქვეყნები ალიანსთან მრავალი წელია, თანამშრომლობენ.
ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.
„ფინეთი, შვედეთი და სხვა ნეიტრალური ქვეყნები უკვე მრავალი წელია, მონაწილეობენ ნატო-ს სამხედრო წვრთნებში და ნატო მათ ტერიტორიას აღმოსავლეთით გაფართოების სამხედრო დაგეგმვისას ითვალისწინებს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ალბათ, დიდი განსხვავება არ არის,“ – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, “ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მათ ტერიტორიას და დასკვნებს გამოვიტანთ“.
ანალოგიური განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ადრე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს “არავითარი პრობლემა არ აქვს” შვედეთსა და ფინეთთან და ნატო-ში მათი შესვლა არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს, რუსეთის რეაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ “რა საფრთხეები შეიქმნება”.