კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე”: აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” კამპანია, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლისკენ, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა.

შესაბამისი განცხადება მმართველი პარტიის ლიდერმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს.

ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.

ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები