შვედეთმა ნატო-ში წევრობის განაცხადი ოფიციალურად გააკეთა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ნატო-ში ქვეყნის შესვლის შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ალიანსში ქვეყნის წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
„დღეს დილით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
15 მაისს შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.
შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება დადებითად აისახება ქვეყნისა და შვედეთის ხალხის უსაფრთხოებაზე.
15 მაისს ალიანსში წევრობის შესახებ ოფიციალური განცხადება ფინეთმაც გააკეთა.