კელი დეგნანი – ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებსა და პროცესთან დაკავშირებით

“ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებსა და პროცესთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება, გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც სასამართლო სისტემას გააძლიერებს.

„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. იმ პოზიციაში არ ვარ, რომ საქმის არსებით ნაწილზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა. აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი “ქეისების” შედეგების მიმართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის მშენებლობაში და ახლა სამუშაო პროცესი უნდა გაგრძელდეს. როდესაც საქმე თავის თავში მოიცავს მედიასაც, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ ის იყოს გამჭვირვალე და იყოს ძალიან ცხადი, რომ მასთან გამკლავება მიუკერძოებლად მოხდა. სხვა შემთხვევაში ორი კონსტიტუციური პრინციპი დგება საფრთხის წინაშე – მედია დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უბრალოდ არსებითია საქართველოში არსებული გარემოს გათვალისწინებით, სადაც ყველა ამდენად სწრაფია ერთმანეთზე თავდასხმაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები