ნიკა გვარამიას სასჯელთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის მფლობელი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპნია “რუსთავი 2-ის” მფლობელი ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მარტივი ჭეშმარიტება დადასტურდა.

“მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის“ მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. “რუსთავი 2-ისთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2″ კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში,”- აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის დამფუძნებელსა და “რუსთავი2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამარლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა. საქმე “რუსთავი 2”-ში თანხების არამიზნიბრივ გამოყენებას ეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები