გიორგი გახარია საპარლამენტო გუნდთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა
პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარტიის საპარლამენტო გუნდი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში გაემგზავრნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში გიორგი გახარია და პარტიის წევრები შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან.
პარტნიორებთან შეხვედრებზე პარტიის მხრიდან პრიორიტეტად დაისმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა და მნიშვნელობა, ქვეყნის გამოწვევები უსაფრთხოების, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო და პარტიის ხედვა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
გიორგი გახარია და პარტია „საქართველოსთვის” წევრები ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნობენ პარტიის მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, ასევე გეგმებს პარტიის სამომავლო საქმიანობის შესახებ.