მაია ბითაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ტაჯიკეთის პარლამენტის ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე იუსუფ მუხამადრაჰიმი ხელმძღვანელობდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს და საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებს ამ მიმართულებით.

„ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოში გარემოსდაცვითი საკითხების და მათ შორის ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების აქტუალიზაციის საკითხს. სტუმრებს გავაცანით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის რვა პუნქტიანი გეგმა, რომლის პრიორიტეტსაც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, ურბანული გარემოსდაცვითი საკითხები, ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების კონტროლი. ასევე, ბიზნესის ხელშეწყობა საწარმოო ციკლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ხაზი გავუსვით საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობას”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, სტუმრებთან ერთად იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები