„ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კრემლმა, თითქოს, თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ხალხის ნებით არჩეული ე.წ. პრეზიდენტის სახელს როგორ გამოიყენებს“ – ზაალ კასრელიშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კრემლმა, თითქოს, თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ: ხალხის ნებით არჩეული ე.წ. პრეზიდენტის სახელს როგორ გამოიყენებს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კასრელიშვილი ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა.
„იცით, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, კრემლის ფავორიტი მისმა ოპონენტმა დაამარცხა, რომელსაც გარეგნულად როგორც ჩანდა, კრემლის ისეთი მხარდაჭერა არ ჰქონდა, როგორიც ე.წ. მოქმედ პრეზიდენტს, ბიბილოვს.

საქმე იმაშია, რომ, თითქოს, კრემლმა თავისუფალი კორიდორი დატოვა, თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, პროცესი ნებაზე მიუშვა. შედეგიც დადგა – კრემლის ფავორიტმა წააგო, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას ითხოვდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ: როგორ გამოიყენებს კრემლი ხალხის ნებით არჩეული ე.წ. პრეზიდენტის სახელს. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მას მიულოცა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი იქნება. ვფიქრობთ, რომ შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის, საქართველოსთან ურთიერთობებისთვის, კარი შეიღო. ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გააჩინა მოლოდინი, რომ კრემლის ფავორიტის ოპონენტთან საუბარი შეიძლება. მეორე მხრივ, მან შეიძლება ეს დასავლეთისთვის გამოიყენოს და უთხრას, რომ ხალხის მიერ არჩეული, არაკრემლის ფავორიტი პრეზიდენტიც კი რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს. ამას დავამატოთ ის, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 9 მაისი მიულოცა ცალკე საქართველოს, ცალკე აფხაზეთს და ცალკე ე.წ. სამხრეთ ოსეთს. შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოში კუდის მოსაქნევად ემზადება. რამდენად მოახერხებს ამას, ეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. რამდენად მზადაა რუსეთი ან დიალოგისთვის, ან ძალისმიერი, პროვოკაციის მეთოდით საქართველოში პროცესების პროვოცირების, ეს დამოკიდებულია იმაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რა სახის კონტრშეტევას განახორციელებს უკრაინა და რა შედეგზე გავა. რუსეთმა აიღო ის, რისი აღებაც შეეძლო, თავისი სამხედრო არსენალის 70-%-მდე დახარჯა, რეზერვს ვერ ივსებს. უკრაინამ დაისვენა, დამატებით ცოცხალი ძალა, სახსრები, კონტრშეტევისთვის გამოსაყენებლი იარაღი მიიღო. როგორც ჩანს, კონტრშეტევისთვის ძალიან სერიოზულად ემზადებიან . თუ უკრაინამ კონტრშეტევის დროს მოახერხა და რუსეთი იმ პოზიციებამდე მიიყვანა, რა პოზიციებზეც ომის დაწყებამდე იყო, ჩათვალეთ, რომ რუსეთს ტაქტიკურადაც წაგებული აქვს.
რაც შეეხება საქართველოს: საქართველო, მისი მოსახლეობა ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. კარგი სოციალურ-ეკონომიკური, აგროპროექტებია დაწყებული. ამას დაჩქარება, ახალი საინვესტიცო პოლიტიკა და იაფი ფული სჭირდება. ვინაიდან ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძველი ინერციით მოვდივართ და სამწუხაროდ, ექსტრემალურ სიტუაციებში ცხოვრებასა და განვითარებაზე ვერ ავეწყვეთ, სახელმწიფომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა უნდა გამოაცხადოს. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების დაჩქარება, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება ძალიან მნისვნელოვანია“ – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს.

„მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები