საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის შეფასება კითხვარის პასუხებზე დადებით იქნება.
მისი თქმით, ამის საშუალებას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საერთაშორისო დონეზე მათი შეფასებები იძლევა.
„უახლოეს პერიოდში, ევროკომისია იმსჯელებს და წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა იმ რეფორმებსა და კონკრეტულ შედეგებს, რომელთაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება და რომლებიც, თვით ევროკავშირის მიერ, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღიარებულია, როგორც მოწინავე ქვეყნის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის შეფასებები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე ახლავს, ჩვენ გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი გუშინ გადასცა.