პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს წინადადებას და მხარს უჭერს კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანას

პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები, – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

“საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლისგან.

პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას კლინიკაში ექსპრეზიდენტის  გადაყვანასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები