რუსეთი ბიბილოვს მხარს ღიად უჭერდა, თუმცა არც გაგლოევი იყო მიუღებელი კანდიდატი, ის „კაგებეს“ ოფიცერია“ – კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ბიბილოვს მხარს ღიად უჭერდა და ცდილობდა, მას გაემარჯვა, მაგრამ გაგლოევი მიუღებელი კანდიდატი არ იყო იმიტომ, რომ ის „კაგებეს“ ოფიცერია, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ბენდიანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ბენდიანიშვილი ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ამ არჩევნებს არათუ არ ვაღიარებთ, ეს ჩვეულებრივად საოკუპაციო რეჟიმის დანამატია და ელექტორალურ წარმომადგენლობასთან საერთო არაფერი აქვს. რუსეთის მხრიდან ლეგიტიმური მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მას გამარჯვებული კანდიდატი აწყობს. ამ შემთხვევაში, რუსეთი ბიბილოვს მხარს ღიად უჭერდა და ცდილობდა, მას გაემარჯვა, მაგრამ გაგლოევი მიუღებელი კანდიდატი არ იყო იმიტომ, რომ ის „კაგებეს“ ოფიცერია, მათთან მუშაობდა, მისი მეშვეობით მართვის ეფექტიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩათვალეს – რომ ეს ადამიანი ამ თვალსაზრისით გამოადგებოდათ.
რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმის თემას – ეს ბიბილოვის თემაა. 2011 წლის არჩევნების წაგების შემდეგ ის მიხვდა, რომ პოპულარობა არ გააჩნდა, ძალაუფლებაში ყოფნა კი ძალიან უნდოდა. ბიბილოვს შეზღუდული ინტელექტის შესაძლებლობების მქონე ადამიანს ვუწოდებდი. შემდგომ არჩევნებზე ლოზუნგად რუსეთთან მიერთების საკითხი გამოიტანა. მაშინ ღიად, „ფეისბუქზე“ დავუწერე, თუ გინდა, დაგენაძლევები, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმს ვერ ჩაატარებ-მეთქი, რადგან საამისოდ არანაირი პირობები არ იყო. მართლაც ასე მოხდა. თიბილოვს და ბიბილოვს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, მაგრამ ე.წ. რეფერენდუმი მაინც არ ჩატარდა, რადგან ეს მაშინ არავის სჭირდებოდა, როგორც დღეს არ სჭირდება, გარდა თავად ბიბილოვისა, რომელიც შეეცადა, წინასწარვე წაგებული არჩევნები იმით გამოესწორებინა, რომ კვლავ ეს თემა შემოიტანა, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე: კომისია შექმნა, რუსეთის დუმის დეპუტატები, რეგიონების ლიდერები ჩამოიყვანა, მაგრამ ეს იდეა განწირული იყო. ბევრ ადამიანთან ინტენსიური კონტაქტი მაქვს, ხალხის განწყობა იყო ის, რომ მას შანსი არ ჰქონდა.

საინტერესო იყო გაგლოევის პოზიცია, გარდა იმისა, რომ ამბობდა, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ახლა აქტუალური არ არისო, ასევე აცხადებდა, რომ რუსეთი საქართველოს გაღიზიანებას არ მოინდომებდა და მის ინტერესებში რეფერენდუმის ჩატარება არ იქნებოდა. ვფიქრობ, გაგლოევის მხრიდან რაციონალური მიდგომა იყო, ასე გააგრძელებს. ალბათ, ეს.წ. რეფერენდუმი არ ჩატარდება. თუმცა, ბიბილოვი მაინც ცდილობს რაღაცას, რადგან პროცესი დაწყებული აქვს, ხელმოწერები შეგროვებული აქვს. ახლა კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სიტუაციას „აწვება“, უნდა თავისი მმართველობის რაღაც კვალი დატოვოს. ცდილობს, ე.წ. რეფერენდუმი მაინც ჩაატაროს. აღსანიშნავია, რომ ამ რეფერენდუმის თემის შემოტანამ ხმები ვერ მოიზიდა. მოსახლეობამ ეს საკითხიც დააიგნორა. ბევრი ჩუმად ფიქრობს, რომ რუსეთის ნაწილად ყოფნა არ სჭირდებათ. ჯერ ეს ერთი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაიკარგება და უმრავლესობა მანდაა დასაქმებული. მეორეც – დღეს რუსეთი ინგრევა, ამას ბევრი ხედავს. ღმერთმა ქნას, საქართველო ამ პროცესიდან მშრალი გამოვიდეს და გადარჩეს. ოსებს იდეალური ალტერნატივა აქეთ – ევროკავშირის და ნატო-ს წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან ურთიერთობა. საქართველო ოსებისა და აფხაზებისთვის ყოველთვის კარგი ალტერნატივაა”, – განაცხადა ბენდიანიშვილმა.

მან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ სოციალურ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ყველაზე მწვავე გამოწვევა, რომელიც არჩევნებზეც აისახა, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომია. ცხინვალში ეს გამოწვევა იმითაა გამოხატული, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამ ომშია წასული, ზოგი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში და ზოგი მოხალისედ. ბიბილოვი წინა არჩევნებზე პირობას დებდა, რომ ოსებს საკუთარი თავდაცვის ძალები ეყოლებოდათ და მათი ახალგაზრდები მხოლოდ ადგილზე იმსახურებდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ როდესაც რუსეთს დასჭირდა, ომში საკმაოდ დიდი რაოდენობით მებრძოლები წაიყვანეს, უკვე 7 დაღუპულია. ეს პატარა ქალაქისთვის ძალიან რეზონანსული თემა იყო. პლუს 60-ზე მეტი დაღუპული ვლადიკავკაზშია. ანუ, მსხვერპლი დიდია და ეს ოსებში ძალიან ნეგატიურ მოლოდინებს იწვევს. როდესაც ახალწვეულების პირველი ნაკადი დაბრუნდა, უკან გამოიქცა, ცეცხლის ხაზი მაიტოვა, მათ ბიბილოვთან შეხვედრა ჰქონდათ და პირდაპირ უთხრეს , იქ სრული ბარდაგიაო, ასეთი ფრაზაც იყო – რუსეთი ამ ომს წააგებს, ვინც იქ არის ყველა საზარბაზნე ხორცი იქნებაო.
ბიბილოვის მიმართ ისედაც დიდი ნეგატიური განწყობა იყო და მათ შორის ე.წ. არჩევნების შედეგზე ესეც აისახა. ცხინვალის რეგიონში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ომში ბევრი ახალგაზრდაა წასული, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ უკვე ბიუჯეტის შემცირების შესახებ გააფრთხილეს. ეკონომიკის და შემოსავლების თვალსაზრისით საკუთარი არაფერი გააჩნიათ. მესამე ფაქტორია ის, რომ სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხინვალის რეგიონიდან ასევე უკრაინის ფრონტზეა გადასროლილი და მათი თავდაცვისუნარიანობაც მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ეს სამი ფაქტორია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც დღეს ცხინვალშია.
ვერ ვიტყოდი, რომ დიდი და გლობალური გამოწვევაა თუნდაც ის, რომ ე.წ. პრეზიდენტის ცვლილება მოხდა დღეს, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის. თუ ახალარჩეულმა გაგლოევმა პირობა შეასრულა და ახალგორის გამსვლელი პუნქტები გახსნა, ეს იქ მყოფ მოსახლეობას სოციალურ მდგომარეობას, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაცილებით გაუადვილებს.

შეგახსენებთ, ბიბილოვი იყო ინიციატორი, წნელისის კრიზისი თავადვე შექმნა, ქართულ მხარეს ლეგიტიმურად გახსნილი საგუშაგოს საპირისპიროდ ახალგორიდან გასასვლელი გზები ჩაკეტა და ამას 30-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, რადგან მათ სამედიცინო სერვისები დროულად ვერ მიიღეს. მოსახლეობის განწყობა ამ არჩევნებზე შესაბამისი იყო. ბიბილოვმა დიდი სხვაობით წააგო. თუ გაგლოევი თავის პირობას შეასრულებს და მოსახლეობის პირობებს გააუმჯობესებს, ეს ორივე მხარის ინტერესში შედის, რადგან ქართულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თავისი პოზიტიური ვალდებულებები გააჩნია, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ვალდებულებების რეალიზება ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით მოხდეს. თუ ამის საშუალება მიეცემა, ეს ძალიან პოზიტიური და კარგი ნაბიჯი იქნება. მით უმეტეს, როცა საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს პირობები გაუუმჯობესდებათ. იგივე ეხება ცხინვალსაც, სადაც გაგლოევი ამბობს, რომ სამართალდამცავ რეფორმას გაატარებს და ძალადობები, უკანონო დაკავებები აღკვეთილი იქნება, ანუ ადამიანების უფლებების მხრივაც შესაძლოა, იქ სიტუაცია უმნიშვნელოდ გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზინდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს.

„მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები