„კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი ოკუპაციის პირობებში მაინც კარგი ინდიკატორია, თუმცა, გაგლოევი მოსკოვის მითითებებს გააგრძელებს“ – კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი
ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი ოკუპაციის პირობებში მაინც კარგი ინდიკატორია, თუმცა, გაგლოევი, როგორც მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი, მოსკოვის მითითებებს გააგრძელებს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა , ზაზა ცოტნიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცოტნიაშვილი ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხის აზრის ხელოვნურად შეცვლა ვეღარ გაბედეს.
„მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც კრემლის ფავორიტი ბიბილოვი დამარცხდა და არჩევნებში ახალმა სახემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, რომ ის, ამ ეტაპისთვის, გარკვეული თვალსაზრისით საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, რადგან სიახლეა. მისია გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ის, რომ იმ მძიმე კორუმპირებულ გარემოში, რა გარემოშიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ცხოვრება უხდება, შედარებით სუფთად გამოიყურება. ეს, შეიძლება ითქვას, მთავარი კოზირია. მაგრამ, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ის, რომ კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა. მან, პრაქტიკულად, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი პატრონების წინაშე თავი არ შეერცხვინა, იქამდეც კი წავიდა, რომ ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი კოკოითიც კი დაიმეგობრა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში იყვნენ. მაგრამ მათმა გაერთიანებამ ხალხის აზრი მაინც ვარ გადაწონა. ჩემთვის ეს საინტერესოა იმიტომაც, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დემოკრატიული პრინციპები, ხალხის ნება გამოიხატა. თუმცა, ეს ე.წ. არჩევნებია, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ არჩევნებს გმობს. მაგრამ, ამ ეტაპზე, თავად ხალხის განწყობაა საინტერესო. მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხის აზრის ხელოვნურად შეცვლა ვეღარ გაბედეს, რაც მაგალითად ერთ-ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთეს, როდესაც ხალხის მოსაზრება ერთერთი კანდიდატის მისამართით გადაიხარა. მაშინ ე.წ. არჩევნები ღიად და დაუფარავად გააყალბეს. ჩრდილოეთ კავკასიიდან სპეცრაზმი ჩამოიყვანეს და ხალხის საპროტესტო აქციები ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშვეს, მხარი საკუთარ კანდიდატს დაუჭირეს, ე.წ. პრეზიდენტის სავარძელზე ის დასვეს. ახლა ეს ცხინვალის რეგიონში ვეღარ გამოვიდა და ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ცოტნიაშვილმა.
კონფლიქტოლოგის თქმით, ამ ცვლილებიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ალან გაგლოევიც რუსული პოლიტიკის გამგრძელებელია.
„გაგლოევი 41 წლისაა, დამთავრებული აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტი, ეკონომიკის და იურიდიული მიმართულებით. ტრაგიკულ პიროვნებაა იმ თვალაზრისით, რომ ცნობილ ძარის ტრაგედიას მისი მშობლები შეეწირნენ. ის დიდი ხანია, კაგებე-ს, ანუ უშიშროების თანამშრომელია. ეს სკოლაა აქვს გავლილი. რუსეთშიც შესაბამისი განათლება აქვს მიღებული. გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან კომუნიკაციაც აქვს. სხვა ცნობილი გაგლოევების საშუალებით ის რუსულ პოლიტიკურ წრეებთანაა დაახლოებული. თუ ბიბილოვი შოიგუს ფავორიტად ითვლებოდა, ამ შემთხვევაში გაგლოევი რუსეთში ფინანსურად საკმაოდ წარმატებული სხვა გაგლოევების მზრუნველობის ქვეშაა.
რა არის ამ ცვლილების იდეა: ამ ცვლილებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. გაგლოევი რუსული პოლიტიკის გამგრძელებელი, კრემლის დირექტივების შემსრულებელი გახლავთ, ანუ მარიონეტული ხელისუფლებაა. დღეს ის მოსკოვიდან ნაკარნახევი ნებისმიერი პოლიტიკური პოზიციის განმახორციელებელი იქნება”, – განაცხადა ცოტნიაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ავტორიტარიზმია, მთლიანად მოსკოვის მხრიდან კონტროლია, თანამედროვე გამოწვევები, ინფორმაციის გავრცელება, სოციალური ქსელები თავის როლს მაინც თამაშობს და მოსახლეობის აზრის შექმნაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ გაგლოევის გამარჯვებაში გარკვეული წვლილი ცნობილმა ფაქტმა შეიტანა: მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ცხინვალის ციხეში წამებით რამდენიმე ქართველი დაიღუპა, ამავე დროს, ცნობილი ფაქტია, რომ ადგილობრივი ოსი, ინალ ჯაბიევიც წამების მსხვერპლი გახდა. იმ ვითარებაში, როცა საზოგადოებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბიბილოვს დააკისრა, გაგლოევმა ჯაბიევის ოჯახს გარკვეული მხარდაჭერა აღმოუჩინა და ცალსახა პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანების მიმართ ასეთი მიდგომა არ შეიძლება. გარდაცვლილი ჯაბიევის მეუღლემ სოციალურ ქსელში ფორუმი გააკეთა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი – დემოკრატიის რაღაც ნიშნები მაინც შეიმჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ავტორიტარიზმია, მთლიანად მოსკოვის მხრიდანაა კონტროლი, თანამედროვე გამოწვევები, ინფორმაციის გავრცელება, სოციალური ქსელები მაინც თავის როლს თამაშობს და როგორც ვხედავთ, მოსახლეობის აზრის შექმნაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. ქალბატონმა ოქსანამ, ინალ ჯაბიევის ქვრივმა, გაგლოევს მხარი ღიად დაუჭირა. ამანაც გარკვეული წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში. ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო ოკუპაციის მსხვერპლი ახალგორის რაიონი გახლავთ, რომელსაც ახლა ოსები ლენინგორის რაიონს უწოდებენ. იქ ,ძირითადად, ქართულენოვანი მოსახლეობაა. გაგლოევმა იქაც გაიმარჯვა იმიტომ, რომ ადგილობრივები ბიბილოვს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაში ადანაშაულებდნენ, როცა ქართულ მხარესთან მიმოსვლა 2019 წლიდან შეჩერდა. ბიბილოვმა წინასაარჩევნოდ ეს გზები გახსნა, მაგრამ საზოგადოების გულის მოგება ვეღარ მოასწრო.
ასეთი ვითარებაა ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებით ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. მაგრამ, ოკუპაციის პირობებში, კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი მაინც კარგი ინდიკატორია, სამომავლოდ იმედის მომცემია. თუმცა, გაგლოევი როგორც მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი მოსკოვის მითითებებს გააგრძელებს. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც შესაბამისი განცხადება გააკეთა, ისინი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ მოელიან“, – განაცხადა ცოტნიაშვილმა.
მისივე თქმით, გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, თავშეკავებულია.
„რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს – ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვქონდა, კონფლიქტების ბევრი სპეციალისტი ამბობდა, რომ ეს სწორედ ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიიდან უნდა მომდინარეობდეს. ანუ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების იდეა ქვემოდან უნდა ყოფილიყო წამოსული. ვფიქრობ, რომ ეს მოსაზრება გამართლდა. გაგლოევი, ამ ეტაპზე, რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით ცოტა თავშეკავებულია.
მინდა, დავაფიქსირო ის, რომ რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდებით: ეს არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არაა. ეს პოლიტიკური კონფლიქტია. უკრაინის ომის ფონზეც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებია. ჩვენთვის ყოველთვის მისასალმებელი იქნება, ოსებთან, აფხაზებთან ერთად ქართველებმა განვითარებულ სამყაროში, თავისუფალ გარემოში ვიცხოვროთ, ჩვენს ნამდვილ ოჯახს, ევროკავშირს, ერთად შევუერთდეთ. ეს განწყობაა ჩვენი მხრიდან. ვფიქრობ, ეს იდეა პროგრესული აფხაზური და ოსური მოსახლეობის ნაწილშიცაა. თუმცა, ისინი ამ საკითხზე საუბარს ვერ ბედავენ. რეალურად კი, კარგად ხედავენ, რაც ხდება: დაინახეს, რომ ისინი პოლიტიკურ კონფლიქტებში როგორც საზარბაზნე ხორცი სჭირდებათ. ოსური მოსახლეობის დიდი პროცენტი უკრაინის ომში დაიღუპა. ისინი ამასთან დაკავშირებით ძალიან მტკივნეული განწყობილებებით არიან. ფიქრობენ, რომ ოსური მოსახლეობა ისედაც მცირეა და ასეთ კონფლიქტებში განადგურებაც კი ემუქრებათ, მაშინ როცა საქართველოსთან ურთიერთობებით, ევროპულ, მშვიდობიან ოჯახში ცხოვრებით გაცილებით კარგი პერსპექტივა აქვთ“, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.
საქართველოს საგარეო სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს.
„მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“, – წერია სამინისტროს განცხა დებაში.
თამუნა შეყილაძე