“დიდება უკრაინას, რუსეთი კლავს” – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
“დიდება უკრაინას, რუსეთი კლავს” – საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის ომს გმობენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. აქციაში როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები მონაწილეობენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აქციაზე უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა შესრულდა და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
“8 მაისი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული, თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი რუსეთის სახით ბოლომდე დამარცხებული არ არის, მან მიიღო რაშიზმის, იმ ბოროტების მანქანის სახე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება. 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არ შემდგარია იმიტომ, რომ უკრაინის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამო, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ, ჩვენ დღეს უკრაინელებთან ერთად უნდა ვიდგეთ და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეაში ჩვენ ერთად ვართ”, – განაცხადა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.