ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი რეკომენდაციები და მიგნებები, რომლებიც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება.

მატეო მეკაჩიმ ცესკო-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით, OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის განხორციელების ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გიორგი კალანდარიშვილმა თავის მხრივ მატეო მეკაჩის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ OSCE/ODIHR-ის წვლილი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები. შეხვედრას ODIHR-ის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგან ფიცჯერალდი ესწრებოდნენ; საქართველოს მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში – ქეთევან ციხელაშვილი, ცესკო-ს მდივანი – გიორგი ჯავახიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი – თამარ კაპანაძე.

შეხვედრის მონაწილეებს ცესკო-ს თავმჯდომარემ დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა და 2022 წლის შუალედური არჩევნებისთვის განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებისა და საქმიანობის შესახებ. მათ შორის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საპილოტე პროექტის, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ზრდის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, არჩევნების შედეგების გადათვლისა და იმ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო ორივე არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებასა და ადმინისტრირებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრა 5 მაისს ცესკო-ში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები