ილია დარჩიაშვილი: ყველა რეფორმა, რომელსაც ვატარებთ, გვაძლევს იმედს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პროცედურას ძალიან სწორად გაივლის
ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კითხვარის მომზადების პარალელურად, მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა მათთან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია ჰქონოდათ.
„კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და მომავალში გავატარებთ, იმედს გვაძლევს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცედურას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.