საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დანიას ეწვია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბერტელ ჰორდერს და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

ნიკოლოზ სამხარაძემ დანიურ მხარეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე და ქართულ დელეგაციას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე მხარდაჭერა აღუთქვეს.

დანიელმა კანონმდებლებმა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას გააგრძელებენ და გააძლიერებენ ორმხრივ საპარლამენტო კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, კრისტიან ფიშერთან და ინსტიტუტის მკვლევარებთან და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მოლოდინებზე.

დანიელმა მკვლევარებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშნველოვანი პარტნიორის უდიდესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებით დაინტერესდნენ.

„მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანაში ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით დანიელ კანონმდებლებს და დანიის გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გავაცანით ჩვენი ხედვა რეგიონში არსებული რთული ვითარების და სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინების შესახებ. აგრეთვე, ვესაუბრეთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. დანიელმა კანონმდებლებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები