ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ 191 ქვეყანას შორის.
„საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. ჩემი მთავრობა დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო დახმარებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ აშშ დოლარს.
გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის ეროვნული ფოსტის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ 191 ქვეყანას შორის.
კვლავ დავძენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთობა უკრაინის აქტიური დახმარების მიმართებით გადაუდებელი და აუცილებლია საკითხია. უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – განაცხადა პრემიერმა.