“შესაძლოა, მოსახლეობის შიმშილის საფრთხე დადგეს” – რუსებმა უკრაინიდან მარცვლეულის, თითქმის, 400 ათასი ტონა გაიტანეს
რუსებმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თითქმის, 400 ათასი ტონა მარცვლეული გაზიდეს, რაც უკრაინის მარაგების, თითქმის, მესამედს შეადგენს.
ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტარას ვისოცკიმ განაცხადა.
„იქ სტრატეგიული რეზერვები არ იყო. ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ თითოეული რეგიონიდან – ზაპოროჟიეს ოლქიდან, ხერსონის ოლქიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან – დაახლოებით 100 ათასი იყო ექსპორტირებული, ჯამურად, ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტებს სწორედ ის მარცვლეული გააქვთ, რომელიც “ამ რეგიონებში მცხოვრები უკრაინელების გამოსაკვებად არის განკუთვნილი”.
„ასეთი ქმედება საგანგაშოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვაქვს და რომ იქ მოსავალს ავიღებთ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ, სხვა გარემოების შემთხვევაში, ეს შეიძლება, მოხდეს ახალი მოსავლის შემთხვევაშიც. მაშინ, შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე უკრაინელებისთვის საკვები უბრალოდ ფიზიკურად მიუწვდომელი გახდეს. თუ ასე გაგრძელდა და ისინი გაიტანენ იმას, რაც დარჩა ახალ მოსავალამდე, შესაძლოა, შიმშილის საფრთხე დადგეს”, – თქვა ვისოცკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge