6-დან 8 თვემდე ვადაში რუსული ნავთობის აკრძალვა – ევროკავშირის ქვეყნებს ემბარგოს პროექტი წარედგინათ
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც ნავთობის ემბარგოს მოიცავს.
AFP და dpa დიპლომატიურ წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დოკუმენტი რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას 6-დან 8 თვემდე ითვალისწინებს.
გამონაკლისი მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთზეა, რომლებიც რუსულ ნავთობზე ძალიან არიან დამოკიდებული. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ამ ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის იმპორტის დაშვება 2023 წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.
ევროპელი დიპლომატების აზრით, ევროკომისიის წინადადებამ შესაძლოა, ახალი დავა გამოიწვიოს, რადგან გამონაკლისს ასევე ჩეხეთი და ბულგარეთიც ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მათი ეკონომიკა ასევე ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომლის მთავარი ელემენტი ნავთობის ემბარგოა, ევროკავშირის ქვეყნებმა პირველად დღეს უნდა განიხილონ.
მისი მიღება მოითხოვს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ უნგრეთი იმუქრება, რომ ნავთობის ემბარგოს ვეტოს დაადებს, თუ ის მიწოდების სანდოობას შეზღუდავს. ბუდაპეშტის მონაცემებით, უნგრეთი საჭირო ნავთობის 65 პროცენტს “დრუჟბას” მილსადენით იღებს.