ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მიშელმა საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ტერმინალი შენდება.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი დაასრულებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე და რომ ახალი LNG ტერმინალები იქნება ინვესტიცია მომავალში, რათა რუსეთმა გაზი ზეწოლის ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.
„ჩვენი მიზანია დავანგრიოთ პუტინის სამხედრო მანქანა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო (ევროკავშირი) ახალ სანქციებს დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, ნავთობის სექტორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ უკრაინელები ახლა არა მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის, არამედ საერთო ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპებისთვის იბრძვიან.
მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, რუსულ ნავთობზე უარს სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე იტყვიან.