გაეროს ცნობით, 29 აპრილიდან დღემდე, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან 101 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც უკრაინაში გაეროს კოორდინატორი, ოსნატ ლუბრანი აცხადებს, უსაფრთხო ოპერაციის წყალობით „აზოვსტალის“ ქარხნიდან 101-მა ბავშვმა, ქალმა და მოხუცმა საბოლოოდ შეძლო თავის დაღწევა და ორი თვის განმავლობაში მზის შუქი პირველად დაინახა.
„დღეს ჩვენ უსაფრთხოდ წავიყვანეთ ხალხი ზაპოროჟიაში, მაგრამ მე ვნერვიულობ, რომ შეიძლება კვლავ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ხაფანგში დარჩნენ. ჩვენ ICRC-სთან ერთად მზად ვართ, ვიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ მათი ევაკუაციისთვის და იგივე გავაკეთოთ ყველა სხვა რეგიონში, სადაც არის ინტენსიური საომარი მოქმედებები. გაერო ამისთვის კონფლიქტის მხარეებთან მუშაობას გააგრძელებს.
ჩვენ ასევე, ვგეგმავთ მხარეებთან მუშაობას მარიუპოლში დასაბრუნებლად, რათა სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ დანგრეულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებიან. ჩვენ ვიცით, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ოსნატ ლუბრანმა.