ლევან დავითაშვილი: საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაზღვევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც აქცენტი დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მისი განვითარების პერსპექტივებსა და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დაზღვევის პროფესიული დღე საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არის ინიცირებული და პირველად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სამთავრობო, ისე, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში სადაზღვევო საქმიანობის მიმართ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„გვესმის, რომ სადაზღვევო მომსახურების გარეშე ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორის განვითარება უბრალოდ ვერ მოხერხდება – სათანადო, ხარისხიანი პროდუქტების, მომსახურებების გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების სასურველი ტემპის მიღწევა, თავის მხრივ, დიდწილად არის დამოკიდებული შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის გამტარებლებსა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციაზე,“ – აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

ვიცეპრემიერის შეფასებით, გრძელვადიანი დაზღვევის მიმართულებებს დამატებითი როლი აქვს ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, სამინისტრო დღეს აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ გვაქვს საკმარისად განვითარებული კაპიტალის ბაზარი, არ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს ჩვენი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას და ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები