აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას მაისის შუა რიცხვებამდე შეეცდება

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას მაისის შუა რიცხვებამდე შეეცდება, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ხერსონის ანექსიასაც გეგმავს.

„აშშ-ს აქვს „უაღრესად სანდო“ სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება სეპარატისტების მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას „მაისის შუა რიცხვებში“ და იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. ხერსონის ანექსიასაც აპირებს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

მისი თქმით, რუსეთი, მაისის შუა რიცხვებში, აღნიშნული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

„სახელმწიფო იუწყება, რომ რუსეთს აქვს გეგმები დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, ასევე, მოსკოვი განიხილავს ასეთივე გეგმას ხერსონისთვისაც“, – აღნიშნა კარპენტერმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთი იტაცებს ადგილობრივ მაღალჩინოსნებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მათ მიერ კონტროლირებადი ქალაქებიდან, რათა ჩაანაცვლოს „მოსკოვის ერთგული ჯგუფები“. ასევე ქრებიან „სკოლების დირექტორები, ჟურნალისტები, ადგილობრივი და მუნიციპალური მოხელეები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები