ირაკლი ზარქუა: ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებები, რომლებსაც არგუმენტები არ აქვს – გაუგებარია.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი ქვეყნის გამოწვევებზე უფრო უნდა კონცენტრირდეს.
“უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს გაუგებარ ბრალდებებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აშკარად იკვეთება “ნაციონალური მოძრაობის”, ამ მეხუთე კოლონის გავლენა მათ ხელისუფლებაზე. თავის დროზე ძებნილი სააკაშვილი ტაშ-ფანდურით მიიღო პოროშენკომ, თუმცა, მერე ვნახეთ, რესტორანში როგორ დასდევდა და თმებით ათრევდა იქით-აქეთ. ოდესაში საერთოდ საქმეც კი აღძრეს კორუფციაზე. ამიტომ, ბატონ ზელენსკის ვურჩევდი, უფრო კონცენტრირდეს იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად აქვს უკრაინას, რომ ის აგრესორი, რომელიც არის ჩვენი საერთო მტერი, იქნებ, რამენაირად შეაჩეროს, როგორმე გადაარჩინოს სიცოცხლეები უკრაინაში და თავისი ქვეყანა. ამაზე ვურჩევდი კონცენტრირებას და არა აბსურდულ ბრალდებაზე”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.