ირაკლი ქადაგიშვილი: მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს საკვები, დაუჯეროს ექიმს და პოლიტიკური სპეკულაცია მის ჯანმრთელობაზე დამთავრდეს
ციხეში ყოფნა ყველასთვის დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ჩამოგაგზავნეს იმიტომ, რომ რევოლუცია მოგეხდინა და ძალაუფლება ჩაგეგდო, მაგრამ აღმოჩნდი ციხეში, დამთრგუნველია, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი უნდა აგოს ძველ თუ მიმდინარე პროცესებზე, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის თაობაზე მისი ოჯახის მოთხოვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაცია უნდა დამთავრდეს.
„საპროტესტო აქციების დაწყება ყველას შეუძლია, არავის არაფერი უკვირს. ერთი პერიოდი საუბარი იყო იმაზე, რომ ისე შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი, დღეს თუ არა ხვალ გარდაიცვლებაო. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა, განსხვავებული კვების რეჟიმზე იყო გადასული და საკმაოდ ხარისხიანი საკვებით იკვებებოდა. მეორე დღესვე ამას მოყვა განცხადებები, რომ ეს იყო პატიმრის ფსიქოლოგიური წამება, მთელი საზოგადოების ფსიქოლოგიური წამება არ არის, როცა ყოველდღე ტყუილს ეუბნები – მოკვდება, მოკვდება, მოკვდება, რადგან შიმშილობს. აღმოჩნდა, რომ თურმე, არ შიმშილობს.
ადამიანი თავს ციხეში დათრგუნულად გრძნობს, მისთვის ციხეში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია და აქედან გამომდინარე, იმ საკვების მიღება არ უნდა, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში ადამიანმა უნდა მიიღოს. სააკაშვილს არ უნდა ექიმებთან ურთიერთობაც და აქედან გამომდინარე, პატიმრობაში ყოფნა პატიმართა 100 თუ არა 99 პროცენტისთვის დამთრგუნველია.
შეშფოთებას გამოთქვამენ და შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც. მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს საკვები, დაუჯეროს ექიმს, როგორც პაციენტმა და პოლიტიკური სპეკულაცია მის ჯანმრთელობაზე დამთავრდეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.