რა მოხდა გამსახურდიების სახლში, როდესაც ზვიადი პირველად დააკავეს
„ეგ არის შენი ზრდილობა? ასე ხვდებიან ქალს?“ – ამ სიტყვებით მიმართა რამდენიმე წლის წინ დიდ ქართველ კლასიკოსს კონსტანტინე გამსახურდიას მეოთხე სამმართველოს სამკურნალო კომბინატის ექიმმა თამარ ცაგურიამ. ექიმი თამარი ქართველი მომღერლის თემურ ცაგურიას დედა გახლავთ. მომღერალი სწორედ იმ დღეს იხსენებს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი პირველად დააკავეს და პროტესტის ნიშნად კი კონსტანტინე გამსახურდიამ შიმშილობა დაიწყო. მომღერლის ინფორმაციით, იმის გამო, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პროტესტს კლასიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მოჰყოლოდა, სწორედ ქალბატონ თამარმა გადაარჩინა.
„დედა მეოთხე სამმართველოს სამკურნალო კომბინატში მუშაობდა ექიმად. მას „ლეჩკომბინატს“ ეძახდნენ. იგი პარტიულ ელიტას და განსაკუთრებით გამორჩეულ ადამიანებს ემსახურებოდა. მოკლედ, დედაჩემი იყო კოწია გამსახურდიას პირადი ექიმიც. ის დრო დადგა, როცა ზვიადი დაიჭირეს, რაც, რა თქმა უნდა, კოწიას ჯამრთელობას დაეტყო. დედა თითქმის ყოველდღე აკითხავდა სახლში. ვითარება დაიძაბა -კოწიამ შიმშილობა გამოაცხადა. „ლეჩკომბინატის“ ხელმძღვანელობამ მაღლიდან დირექტივა მიიღო, აეცილებინათ ტრაგედია. დედის სანაცვლოდ ცნობილმა პროფესორებმა სცადეს საქმის გამოსწორება. კოწიამ არც ერთი მათგანი არ მიიღო. მაშინ ისევ დედა გააგზავნეს. კედლისკენ შეტრიალებულმა მწოლიარე კოწიამ მკვახე კითხვა დასვა: რა გინდა, თამარა?! დედამაც მკვახედ მიუგო: ეგ არის შენი ზრდილობა? ასე ხვდებიან ქალს? კოწია უმალ შემოტრიალდა და მოიბოდიშა. ხომ ხედავ, რა დღეში ჩამაგდესო… დედამ შეტევა გააგრძელა: როგორ გგონია, შენი სიკვდილი შენს მტრებს გაახარებს თუ არაო? შეეკითხა. დედა პასუხს არ დაელოდა და გააგრძელა: რა თქმა უნდა, გაახარებს, რადგან ზვიადის ყველაზე ძლიერ მფარველს მოიცილებენ და ხელები გაეხსნებათ. შენ კი (დედა შენობით ელაპარაკებოდა) იმის მაგივრად, რომ გაძლიერდე ბრძოლაში, თავს იკლავ! დუმილი ჩამოვარდა. კოწია ლოგინზე წამოჯდა. შუბლზე ხელები მიიდო და ყრუდ ჩაილაპარაკა: მართალი ხარ. დედა იქვე ტელეფონთან მივიდა და კარდიოგრამის სპეციალისტები გამოიძახა… მართლაც, კოწია მოძლიერდა და ზვიადიც გააშვებინა. ეს იყო ზვიდის პირველი დაჭერა, „კაგებემ“ მაშინ უმნიშვნელო ჩხუბი მოიშველია მიზეზად, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, თუ რატომ დაიჭირეს ზვიადი“, – წერს მომღერალი თემურ ცაგურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.