სალომე ზურაბიშვილი: არავინ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი
არ შეიძლება, ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი, არავის როლი არ არის, შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვები ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც.
„მგონია, რომ არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაღაც „ომის პარტიაზე“ საქართველოში. ჩემთვის ეს არ არსებობს. არავინ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ასევე არ შეიძლება, ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი, არავის როლი არ არის, შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვები ქვეყნის მიმართ, რამეთუ ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია“. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ საკუთარი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.