თამარ ტალიაშვილი: სახელმწიფოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს

„ქართველი ხალხი წინ აღუდგა ინსტიტუტების პოლიტიკურ ინტრუმენტად გამოყენების პრაქტიკას, მათ შორის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე ხალხის ხმის ჩახშობის მიზნით სისტემურად ხორციელდებოდა. ანგარიში პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომელიც წინასწარი დაკავების პრეცედენტების შემცირებას ისახავდა მიზნად, ასევე ხაზგასმულია, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, PACE-ს ანგარიშში განხილული უკანასკნელი 8 წელი გამორჩეული იყო ფუნდამენტური რეფორმებისა და ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში არსებითი ცვლილებების კუთხით და დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი, რომელიც 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვა, ცხადჰყოფს საქართველოს სახელმწიფოს ცალსახა სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

„დემოკრატიული რეფორმები ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულების ნაწილია, ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ რეფორმებს ქართველი ხალხის მტკიცე არჩევნად აღიქვამს, იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლება და დემოკრატია ფუნდამენტურ მიზნად დაისახა.

ნამდვილად, ეროვნულ სასამართლო სისტემაში გამამართლებელი განაჩენები 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის თანაფარდობა 3-ჯერ და დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა 5-ჯერ შემცირდა, ამასთან, პატიმართა რაოდენობა 2,5-ჯერ, ხოლო მათი სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა.

საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც PACE-ს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული, ხელი შეუწყო ძალაუფლებათა გამიჯვნის პროცესს, რითაც ცალსახად შეზღუდა ხელისუფლების უზურპაცია და პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა და სახელმწიფო ზეწოლის მექანიზმების გაუქმებამ ბიძგი მისცა პროგრესს სხვა სფეროებშიც, რომელიც PACE-ს ანგარიშშია აღწერილი, მათ შორის მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, სტამბულის კონვენციის იმპლემენტაცია, ანტიდისკრიმინაციული რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ასევე, ხალხზე ორიენტირებული შერიგების სტრატეგია ჩვენს ძმებთან და დებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა რეფორმის განხორციელების პროცესზე. სადაც დადებითად ფასდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ანგარიში ცნობს მიღწეულ პროგრესს და იძლევა რეკომენდაციებს, წარმოადგენს ერთგვარ მონახაზს შემდგომში გადასადგმელი ნაბიჯებისთვის.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს, რომელსაც უძველესი ისტორია გააჩნია უწევს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

მისი თქმით, სახელმწიფოს ძალისხმევა, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ხორციელდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ქვეყნაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს რეფორმების წარმატებების აღიარებით, კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ხალხის რწმენა  ევროპული გზისკენ, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები