სოსო ცინცაძე: სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ დამნაშავის ციხეში ჩასმა არაა, დაზარალებულებმა კომპენსაციები უნდა მიიღონ

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქართველოსადმი გამოთქმულ ძირითად შენიშვნებს და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც პოლიტოლოგი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, 2012 წლამდე დანაშაულები გამოძიებულ იქნას, თუმცა, მისივე თქმით, აქცენტი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რომ დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ კონპენსაცია.
„ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებები გამოიძიონ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ის არ არის, რომ დამნაშავე ციხეში ჩაჯდა. მთავრი უნდა იყოს ის, რომ დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ. ამაზე მთავრობამ ოფიციალურადაც და არაოფიციალურად განცხადა, რომ ამის შესაძლებლობა არა გვაქვს. ბიზნესს უთხრა, რომ ნუ ელით, რაც მაშინ დაკარგეთ, ის აგინაზღაურდებათო. დაკმაყოფილდით იმით, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება. დასავლეთში მატერიალური ზარალის ტოლფასად და ხშირად უფრო მეტადაც განიხილება მორალური ზიანი. ეს ჩვენთან ირონიული ცნებაა. სასამართლოში მორალური ზიანის ანაღაურების შესახებ დაკმაყოფილებული სერიოზული სარჩელი არ მახსოვს. მოსახლეობასაც მორალური ზარალის თაობაზე სწორი წარმოდგენა არ აქვს, ამიტომ არის იმის გონივრული საფრთხე და ეჭვი, რომ ვიღაც გამდიდრებას მოითხოვს. დასკვენები და რეკომენდაციები არის ქვათა ღაღადი უდაბნოსა შინა“, – აღნიშნავს ცინცაძე.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, თუმცა ქვეყანა არ არის იმ ეტაპზე, რომ ყველაფრის გათვალისწინება შეძლოს.
„ხელისუფლებამ რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. ქვეყანა არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი გაითვალისწინოს. 2012 წლის მერე ყველაფერი იდალურ მდგომარეობაშია? ქონების წართმევა და ასეთი მყვირალა ფატები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ხომ არის შურისძიების ფაქტები. დღეს პირადული მოტივაცია პრევალირებს. გაეროში მუშაობენ ჩვეულებრივი ჩინოვნიკები და ჭეშმარიტებად ნუ მივიღებთ დასავლეთიდან წამოსულ რეკომენდაციას, ან რჩევას. სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულება არ არის. დამნაშავეების დასჯა არის მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულება, ხოლო სამართლიანობის აღდგენის უთავრესი ფორმაა სოციალური სამართლიანობა. მსოფლიოში ყველა დიდი რევოლუცია სოციალური უსამართლობის ფონზე მოხდა და არა იმიტომ რომ დამნაშავე ციხეში არ იჯდა. მაგალითად, საფრანგეთის რევოლუცია. მეფემ არ იცოდა, ფული სად დაეხარჯა და მოქალაქეები შიმშილობდნენ“, – ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი გაეროს ანგარიშის იმ ნაწილსაც აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეები, რომლებიც იძულებით გაუჩინარებას, სამოქალაქო და სხვა დაცული პირების მიმართ განურჩეველი და არაპროპორციული ძალის გამოყენებას, უკანონო დაკავებებს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ქონების დაზიანებასა და ჩამორთმევას ეხება, შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. სოსო ცინცაძის თქმით, ისტორიულად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული სულ სხვა რამ არის და გაეროს ანგარიშში გამოქვეყნებულ ამ ნაწილს მყვირალა ფრაზას უწოდებს.
„კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული ისტორიული გამოცდილებით არის სულ სხვა. ეს საკითხი საეჭვოდ გამოიყურებოდა მილოშევიჩის პროცესის დროსაც. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული ეს არის ფაშიზმის დროს ჩადენილი დანაშაული. ასეთ დანაშაულად არ შეფასებულა უგანდის ტრაგედია. შეიძლება ჩაითვალოს სომხების გენოციდი. საქართველოში ჩადენილი მაშინდელი დანაშაულები არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ დანაშაულად. ავტორები რის საფუძველზე ამბობენ ამას? შეისწავლეს საქმე? ბოლომდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. განაჩენი არ დამდგარა და პროცესი მიმდინარეობს. ეს არის მყვირალა ფრაზა“, – ამბობს ცინცაძე. მისივე შეფასებით, საქართველოში დისკრიმინაციის შესამცირებლად საკმარისი სანქციების არ არსებობის შესახებ გაეროს შენიშვნა გულისხმობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ უნდა იყოს იგნორირებული.
„არ შეიძლება სახალხო დამცველი იქცეს დამსჯელ ორგანოდ. მსოფლიოში არსად არის, რომ სახალხო დამცველის სტრურუქტურას ჰქონდეს დამსჯელი და გადაწყვეტულების მიღების ფუნქციები. ყველგან ასეთ სტრუქტურას აქვს მხოლოდ საკონსულტაციო უფლება. სხვა საკითხია ის, თუ არავინ არაფრად აგდებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, მის კონსულტაციებს. ეს უკვე ტრადიციაა საქართველოში, ამიტომ გაეროს ანგარიშში ამ ტრადიციის შეცვლაზეა საუბარი. მთავრი ის კი არ არის, სახალხო დამცველს მივცეთ გენერალური პროკურორის ტოლი უფლებები, მთავრია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ფონი, როდესაც შეუძლებელი გახდება სახალხო დამცველის და არა მხოლოდ მისი, არამედ მედიის, საზოგადოების აზრების იგნორირება. დღეს ჩვენთან ასეთ დაგენილებებს სკეპტიკურად უყურებენ. თვითონ საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია არ არის მტკიცედ ორიენტირებული ღირებულებებზე და ფასეულობებზე, პრინციპულობაზე და თანამიმდევრულობაზე“, – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები