ჩვენ ძალზე ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
„შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს, ასევე, პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-სა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზე ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს.
გასულ წლებში გადავწყვიტეთ ამ ინსტრუმენტების გააქტიურება და ახლა ამ პროცესში ვართ, რათა მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის იმსახურებს, ნდობის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ნატო-სა და თქვენ ქვეყანას შორის.
ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თქვენ პრემიერმინისტრს დღეს საღამოს და ამ დისკუსიას განვაგრძობთ“, – განაცხადა კოლომინამ.