შეერთებული შტატები, საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით, 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობითი კომენტარი “ამერიკის ხმასთან” გააკეთა.
„საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარში.
გამოცემის ცნობით, აშშ სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.