ბორელი: რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებაზე ევროკავშირში თანხმობა არ არის
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებისთვის ემბარგოს დაწესებაზე, ან რუსულ ნავთობსა და გაზისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა Die Welt-თან საუბარში თქვა.
“გაზისა და ნავთობის იმპორტის შეჩერება ან სადამსჯელო ტარიფის დაწესება პუტინზე ზეწოლისთვის, ასევე, მოლაპარაკებების მაგიდასთან მისასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში ამ დროისთვის ერთიანი პოზიცია არ გვაქვს”, – თქვა დიპლომატმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ თემა ევროკავშირის სამიტზე განიხილება, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება.
„ემბარგოსთან დაკავშირებით საბოლოო წინადადება, ჯერჯერობით, არ არსებობს”, – თქვა მან.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს და ბლოკი, საბოლოოდ, ამ დამოკიდებულებას შეამცირებს.
“რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავლების გადინება მიდის”, – დასძინა მან.