ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უშიშროების სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები არის მთავარი საკითხი, თუ რა მოლოდინი გვაქვს, რა სამუშაოა ჩატარებული პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მიერ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააკეთა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რათა ამ სამიტზე დაფიქსირებულიყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
ჩვენ დღესვე ვართ მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გაწევრიანება, რაც შეიძლება მალე. პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება ამ შეხვედრას, რადგანაც მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და მოხსენებას ამის თაობაზე მთავრობის წევრები გავაკეთებთ. ეს არის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საბჭო ძველი კონსტიტუციით არსებული ფორმატით ტარდება, რომელიც სექტემბერში უნდა შეიცვალოს და სხვა სახე ექნება. “ამას მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებობს ჩვეულებრივი სამუშაო კომუნიკაცია და ეს არანაირი სპეკულაციის საბაბი არ უნდა გახდეს. არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა, ყველაფერი მიმდინარეობს სამუშაო ვითარებაში”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. გუშინ დაანონსებული იყო, რომ ღარიბაშვილი საბჭოს სხდომას დაესწრებოდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები