ილია ღუდუშაური: 13 ათასი დევნილი ოჯახი ნორმალურ პირობებში შეძლებს ცხოვრებას, მთლიანად დაიხურება პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ 13 000-მდე დევნილი ოჯახი მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში ბინებით იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური „კვირასთან“ პროგრამის დეტალებზე და სამომავლო გეგმაზე საუბრობს.

“დევნილთა სააგენტო წლებია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხდება. თუმცა, ამ ეტაპზე დაანონსდა ახალი, ყველაზე მასშტაბური პროგრამა. 2022-2025 წლებში საცხოვრებელი ფართი 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, 7 000 იქნება ახლად აშენებულ კორპუსში, რომელიც გარემონტებული და საცხოვრებლად სრულიად გამზადებული იქნება, ხოლო დანარჩენი 6 000 იქნება სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში და იმ პროგრამის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ გარკვეული ბიუჯეტის ფარგლებში თავად, დამოუკიდებლად მოიძიონ სახლები, რომელსაც შემდგომში სააგენტო შეუძენს. რაც შეეხება იმ 7 000 ბინას, რომელიც აშენდება, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია და თვის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისში, ვფიქრობთ, რომ ტენდერი უკვე გამოცხადდება. აღნიშნული 7 000 ბინა აშენდება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომში და რუსთავში.

2025 წლის ბოლომდე მშენებლობები დასრულდება და 13 ათასივე ბენეფიციარი მიიღებს შესაძლებლობას, რომ ნორმალურ პირობებში შეძლონ ცხოვრება, მთლიანად დაიხურება პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ნგრევადი ობიექტები, კომპაქტური შესახლებები, ბაღები, და ასე შემდეგ, რაც არის ყველაზე რთული პრობლემა და სადაც ყველაზე მძიმე პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება.

ჯამში ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 900 მილიონ ლარს, საიდანაც 700 მილიონი დაიხარჯება მშენებლობაზე, დანარჩენი 200 მილიონი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები