მეუფე შიო: პატრიარქის დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობასთან ერთად, ალბათ, უმთავრესი არის სწორედ ის, რომ მან ააღორძინა ჩვენს ეკლესიაში ევქარისტიული ცხოვრება

მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვა და ლოცვა-კურთხევა და განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რომ მის მრავალ დამსახურებასა და ღვაწლს შორის, დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობასთან ერთად, ალბათ, უმთავრესი არის სწორედ ის, რომ მან ააღორძინა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში ევქარისტიული ცხოვრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა.

მისი თქმით, დღეს აღინიშნება უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში – წმინდა ზიარების, წმინდა ევქარისტიის საიდუმლოების დადგინება, რომელიც საიდუმლო სერობაზე უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა.

„სულიწმიდის მადლით, ეკლესიის მიერ აღსრულებული ყოველი ლიტურგია არის მონაწილეობა საიდუმლო სერობაზე. ჩვენი ყოველი წირვა არის ჩვენი ყოფნა საიდუმლო სერობაზე უფალ იესო ქრისტესა და მოციქულებთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთში დრო არ არის. აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და ამიტომ მიიჩნევა, რომ ის ლიტურგია არის ერთი მხოლოდ, რომელიც აღსრულდა იესო ქრისტეს მიერ უდროობაში, ზედროულია ის წირვა. ამიტომ იყო, რომ მოციქულებიც ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სანამ იგი ჯერ კიდევ ჯვარს ეცმებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა, სწორედ იმიტომ, რომ დროის მიღმიერია, ზედროულია. აი, ასეთი საოცარი მოვლენაა და ჩვენ როდესაც ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვენ ვეზიარებით თვით მაცხოვარს, იესო ქრისტეს, როგორც მან ბრძანა, რომ „რომელი სჭამდეს ჩემს ხორცსა და რომელი სვამდეს ჩემს სისხლს, იგი ჩემშია და მე მასში“. ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს სულს, ვეზიარებით იესო ქრისტეს სხეულს ჩვენი სხეულითაც და ჩვენი სულითაც. ეს არის უმჭიდროესი კავშირი, თანაზიარება, ჩვენ წილმქონენი ვხდებით მისი ღვთაებისა. ასეთი საოცარი მოვლენაა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ „ჩვენ ვართ მოწოდებულნი საღვთო ბუნებასთან თანაზიარებისთვის“, აი, ეს სრულდება წმინდა ზიარების დროს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები