“ლელო” წმინდა გიორგის ლენტის, Z და V სიმბოლოების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
“ლელო” რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ამის თაობაზე “ლელოს” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა წმინდა გიორგის ლენტის, Z და V სიმბოლოების აკრძალვას მოიცავს.
“საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, ჩვენი აზრით, ჩვენს ქვეყანაში დასჯადი უნდა გახდეს რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენებაც”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.