გიორგი ამილახვარი: ოპოზიციურ სპექტრშიც კი ვერავინ გაიგო, რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“
“დღეს შეამზადეს საზოგადოება, რომ ხვალ სასამართლოში სააკაშვილი რაღაც დიდ იდეებს დააანონსებს. ამ პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა სიტყვამ უკვე თავისი პოლიტიკური ფასი დაკარგა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრშიც კი ვერავინ გაიგო, რა სვლებს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“.
“ისევ გადავდივართ უკვე ნანახი ფილმის მერამდენე სერიაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული მერამდენედ დაანონსებული გაზაფხული და ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ქვეყანა მშვიდად, მდგრადად ვითარდება და ზუსტად ასე მივა 2024 წლის რიგით არჩევნებამდე. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს და გეგმებს, ბაკურიანში გამართულ „ტრენინგებს“, ალბათ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ მინიმუმ კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს საპატიმროში ყოფნა. ბუნებრივია, მას არ უნდა თავისი აქტუალობის დაკარგვა პარტიის შიგნით, თუმცა იქაც ვხედავთ განსხვავებულ აზრებს. ისინი რაღაცნაირად ცდილობენ თავიანთი ელექტორატის შენარჩუნებას, ვინაიდან ყველა პოლიტიკური ბრძოლა წააგეს „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა მათ გამოადგეს ახალი ინიციატივა. ჯერ ხომ მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდათ საქართველოს ომში ჩართვაზე, რა არ სცადეს, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი შეელახათ და ქვეყანას საფრთხე შეჰქმნოდა. ახლა დაინახეს, რომ უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები დასტაბილურდა, არსებული გაუგებრობები კი თითქმის გარკვეულია, და ამიტომ გამოდიან ინიციატივით, რომ ვადამდელი არჩევნები დააანონსონ. ხაბეიშვილის ენით დაანონსებული ვადამდელი არჩევნები და რევოლუცია არ გაიშვა. ოპოზიციურ სპექტრშიც კი ვერავინ გაიგო, საერთოდ რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“. ამ იდეას მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებაში, გარდა მათი ვიწრო პარტიული აქტივისა. დღეს შეამზადეს საზოგადოება, რომ ხვალ სასამართლოში სააკაშვილი რაღაც დიდ იდეებს დააანონსებს. ამ პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა სიტყვამ უკვე თავისი პოლიტიკური ფასი დაკარგა. ისინი გაერთიანებული არიან ერთი პერსონის – მიხეილ სააკაშვილის გარშემო და რასაც ის ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ“, – აცხადებს ამილახვარი.