ერდოღანი: ბუჩასა და ირპინში განვითარებულმა მოვლენებმა ომის დასრულების მცდელობებს ჩრდილი მიაყენა

უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების წარმატებული კურსი შეანელა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, “მხარეებმა სტამბოლის მოლაპარაკებებში ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ბუჩას და ირპინის კადრებმა, კრამატორსკის მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ გამოყენებამ ჩვენს ძალისხმევას ჩრდილი მიაყენა“.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებისკენ, ასევე, მოსკოვსა და კიევს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ.

„ჩვენს ორ მეზობელს შორის ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იქნება, რაც კაცობრიობის სახელით გაკეთდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, “ამ ომში გამარჯვებული ვერ იქნება, რადგან მთელი კაცობრიობა წამგებიან პოზიციაშია. ფაქტობრივად, რადგან კონფლიქტები გრძელდება, იზრდება როგორც ადამიანური დანაკარგები, ასევე, ეკონომიკური ხარჯები. ჩვენი სამყარო დიდი გაურკვევლობისკენ მიდის”.

ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები