ელისო ბოლქვაძე: ჟურნალი „რიწა“ მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმაა, რომელიც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, ბოლქვაძემ აქცენტი სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გააკეთა.
„ჟურნალში ძალიან საინტერესო სტატიები, მათ შორის, ინტერვიუებია. ეს არის მნიშვნელოვანი ლიტერატურული პლატფორმა, რომელიც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი ამ ჟურნალის არსებობას. მასში წარმოჩენილია ახალბედა მწერლები, ასევე წამოწეულია ის თემები, რომელიც გვაწუხებს“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს დაარსდა. იგი გამოიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით. მისი რედაქტორია ნანა ქარდავა. ჟურნალის პირველ ნომერში დაბეჭდილია ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.