ლევან იოსელიანი: დღეს ის ადგილი დაბომბეს ლვოვში, სადაც ჩვენმა მატარებელმა გაიარა გუშინ, ასეთ ვითარებაში კოლეგების ჩასვლა ნამდვილად დასაფასებელია

დღეს ის ადგილი დაბომბეს ლვოვში, სადაც ჩვენმა მატარებელმა გაიარა გუშინ. ასეთ ვითარებაში ჩასვლა და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა ყველას მხრიდან და ჩემი კოლეგების, უკლებლივ ყველას გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ დელეგაციაში და მხარდაჭერა ეჩვენებინათ უკრაინისთვის, ნამდვილად დასაფასებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თითქმის სრული საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა უკრაინაში და აჩვენა მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს.

”სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი, ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო ამ გაფუჭებული ურთიერთობის. წინ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ შემობრუნების წერტილი გაჩნდა და ახლა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.

ენმ-ს საქციელი არაფერში არ ჯდება. ერთიან ვიზიტში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოვიდა, რომ ვიწრო პარტიულ ინტერესს გადააყოლეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. საკუთარი თავი ყველას მიღმა დააყენეს და ქვეყნის ინტერესის უგულებელყოფის ხარჯზე ყველაზე რადიკალ ძალებს და მხარდამჭერებს ასიამოვნეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ეს რადიკალიზმი მათთვის რამდენად ძვირფასი “მონაპოვარია” და რამხელა პოლიტიკურ ეგოზე დგას მათი ეს “შეუპოვრობა”.

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ გამარჯვებაში ჩვენც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, როგორც შეგვიძლია, ესაა დღეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და არა – საკუთარ პარტიებზე ფიქრი”, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინას 16 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დღეს რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები