ირაკლი იზორია: მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების წესი, რომელიც 25 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იზორიამ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილება შეაფასა.

„მოგეხსენებათ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანა ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივის მოთხოვნა იყო, რომელიც 2018 წლამდე უნდა დანერგილიყო, თუმცა, ამ რეფორმის განხორციელება დაგვიანებით მოხდა. რაც შეეხება რეფორმის მიმდინარეობას, ეს კარგია. მივესალმებით, რომ მართვის მოწმობის გამოცდების გადატანა რეალურ პირობებში ხდება. 2 პრაქტიკული ნაწილი იქნება, როგორც დახურულ მოედანზე, ასევე, ღია სივრცეში, ქალაქის პირობებში. ეს, რა თქმა უნდა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს, ასევე, სიკვდილიანობის და ტრავმატიზმის შემთხვევებსაც შეამცირებს. გეტყვით, 2021 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოში 449 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 705 ადამიანი ძალიან მძიმედ დაშავდა. მართვის მოწმობის საგამოცდო პირობების გაუმჯობესება და დახვეწა აუცილებელიც იყო. თუმცა, ამას გარკვეული პრობლემური თემებიც ახლავს: მაგალითად, სად უნდა ისწავლონ ადამიანებმა, ვინ უნდა ასწავლოს მათ. ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ავტოსკოლაა, სადაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული მასალის დამუშავება 2-3 დღეში ხდება. კოდირების და დაზეპირების გზით ასწავლიან. ეს კი გამოცდის რეალურ პირობებში გადატანისას აღარ გამოადგებათ. ანუ, გვჭირდება კვალიფიციური ინსტრუქტორები, ავტოსკოლები, რომელიც ავტორიზებული იქნება. ადამიანებს, რომლებიც ამ ავტოსკოლებში სწავლებას გაივლიან, ხარისხიანი განათლება უნდა მიეწოდოთ . ასეთი ავტოსკოლები საქართველოში სულ თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფომ ეს რეფორმა არ უნდა გააჩეროს, პირიქით, იმავე ავტოსკოლების ავტორიზებას, კვალიფიციური კადრების მოზიდვას, ინსტრუქტორების გადამზადებას უნდა შეუწყოს ხელი.

პრობლემა არის ის, თუ სად მოვიძიოთ ის ინსტრუქტორები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში გადაადგილებას რეალურად ასწავლიან. გეტყვით, რომ ვინც გამოცდას რუსთავში ვინც აბარებდა, ჩვენი დაკვირვებით, 100 ადამიანიდან 95 თბილისში თავისით ვერ ბრუნდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზეპირებულად ასწავლიდნენ, რაც ძალიან ცუდია. ახალბედა მძღოლები, რომლებიც ავტობანებზე გადიან, საგზაო შემთხვევების მსხვერპლები ხდებიან“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მანვე ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა.

„პირველი მანევრირების წესებია. აქ ზოლიდან ზოლში გადასვლა და გადასწრება იგულისხმება, მეორე სიჩქარის გადაჭარბებაა, ასევე, ალკოჰოლის მიღება და სხვა. გვიწერია, რომ საგზაო შემთხვევების 25 %-ის მიზეზი დაუდგენელია. ეს ძალიან ცუდია, რადგან დიდი მაჩვენებელია. ვფიქრობ ამ 25 % -ში, დიდი წილი, შესაძლოა, სიჩქარის გადაჭარბება იყოს და დაუდგენლადაა გატარებული. ამიტომ, სტატისტიკური მონაცემები უნდა დაიხვეწოს. როცა ზუსტი ინფორმაცია იქნება, სახელმწიფო უფრო კარგად იმუშავებს , რათა პრობლემა მოაგვაროს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ცნობისთვის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში.
მათივე ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე ვერ შეძლებენ.

„სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:
უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით;
მობილური აპლიკაციის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.  365 – დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები