საქართველოში სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები არ გამოვლინდა
მიმდინარე წლის 7 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენის პროცედურები მყისიერად დაიწყო.
დღეის მდგომარეობით, ბიზნესოპერატორების შემოწმების პროცესი დასრულებულია. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა. ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის” შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.