თეა წულუკიანი, საქმიანი ვიზიტით, საჩხერის მუნიციპალიტეტს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, საქმიანი ვიზიტით, საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა სოფელ არგვეთში პაოლო იაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ივანაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს გაგა დარბაიძეს, იმერეთის მხარის სახელმწიფო-რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და პაოლო იაშვილის შთამომავლებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმზე და სამომავლო გეგმები დასახეს.
„მადლობას ვუხდი ადგილობრივ თვითმმართველობას იმ შრომისთვის რაც გაწეულია მუზეუმის რეაბილიტაციისთვის; ახლა მას სამუზეუმო სიცოცხლე სჭირდება და ამაზე ცენტრალური ხელისუფლება იზრუნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრსაც ეწვია. თეა წულუკიანი თეატრის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ მინისტრი სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები“ დაესწრო.
სპექტაკლმა მინისტრისა და თეატრალური საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. თეა წულუკიანმა ისაუბრა სახალხო თეატრების განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა როგორც თეატრს, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ამ სფეროში გაწეული შრომისათვის. მინისტრმა თეატრი ზემოხსენებული სპექტაკლით თბილისში მიიწვია და თეატრის განვითარებისათვის მხარდაჭერა აღუთქვა.