ნათია კუკულაძემ, ვებსტერის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მასტერკლასი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორ ტომას კლეინერთან ერთად, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში მედია კომუნიკაციების თემაზე მასტერკლასი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს,
მათივე ცნობით, სასწავლო სემინარის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განიხილა მაგალითები, თუ რატომ უნდა შექმნან და დანერგონ stratcomm-ის სისტემები ორგანიზაციებმა. სპიკერმა კრიზისული კომუნიკაციის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
მასტერკლასის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია. ნათია კუკულაძემ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე ისაუბრა და სტუდენტებს მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ნათია კუკულაძესთან ერთად მასტერკლასს ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და TEK international – ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ტომას კლეინერი უძღვებოდა. კლეინერმა ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებთან ინდივიდებს, გაერთიანებებსა და ერებს შორის საუბრისა და აზრის გაცვლის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.