როგორ გეგმავდა რუსეთი კიევის აღებას – უკრაინის დაზვერვამ დოკუმენტები მოიპოვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ხელში ჩაგდებას სტრატეგიული სამხედრო წვრთნების საფარქვეშ გეგმავდა. უწყებამ მოიპოვა დოკუმენტები, რომელშიც გაწერილია რუსული არმიის მოქმედების სტრატეგია.
“უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მიღებული დოკუმენტები მოწმობს ოკუპანტების განზრახვას, რომელიც უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას გულისხმობდა.
კერძოდ, ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით მოქმედი რუსული ჯარების დაჯგუფება „ცენტრს“ დაევალა, დაეპყრო კიევის მარცხენა სანაპირო ნაწილი”, – აცხადებს სადაზვერვო სამსახური.
დოკუმენტი 23 თებერვლით თარიღდება, უკრაინაში კი რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა.
დაზვერვის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურისთვის განკუთვნილი საბრძოლო ბრძანებაა, რომელიც მან მიიღო დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის შტაბიდან ომის წინა დღეს, 23 თებერვლის საღამოს რუკასთან ერთად.