“კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაციაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება, რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება.
„ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია, უკრაინულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა მთლიანი ვიზიტი იყოს დაგეგმილი შეხვედრების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ჩვენი პარლამენტების ურთიერთობებს და, ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინას მივმართავთ სამძიმრით და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკრაინაში დავაფიქსირეთ. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ამიტომ რაიმე კამათში, ვაჭრობაში, დეტალებში, ვინ უნდა წამოვიდეს, ვინ არ უნდა წამოვიდეს, ჩვენ არ ვაპირებთ ნამდვილად შესვლას. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია აჩვენა შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში, მე იმედი მაქვს, სანამ გავემგზავრებით, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ისე, რომ ეს ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მათთვის არ გახდეს დამაზიანებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავემგზავრებით, სამძიმარს ვეტყვით უკრაინელ მეგობრებს და მხარდაჭერას დავაფიქსირებთ. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება, რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება. კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი”, – განაცხადა თალაკვაძემ.