შალვა პაპუაშვილი: კითხვარის შესავსებად შემჭიდროებული ვადებია, ვაცადოთ მთავრობას, რომ სწრაფად შეავსოს
კითხვარის შესავსებად შემჭიდროებული ვადებია, მოცულობითი სამუშაოა და ამაზე მთავრობა მუშაობს. გასაგებია სურვილი, რომ მუშაობის პროცესს ყველამ ჩახედოს, მაგრამ ეს პროცესი მთავრობის განსახორციელებელია და ვაცადოთ მას, რომ კითხვარები სწრაფად შეავსოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვარში უნდა ჩაიწეროს ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირს უნდა მიაწოდოს.
“ევროკავშირმა ნაბიჯი თავად გადმოდგა, რომ კითხვარი შემჭიდროებულ ვადებში შეადგინა და ამას იმით უნდა ვუპასუხოთ, რომ ასევე შემჭიდროებულ ვადებში ვუპასუხოთ ამ კითხვებს. შეიძლება, ვინმეს კითხვების რაოდენობა ბევრი ან ცოტა ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის მოცულობითი სამუშაო და ამაზე მთავრობა მუშაობს. გასაგებია სურვილი, რომ მუშაობის პროცესს ყველამ ჩახედოს, მაგრამ ეს მუშაობის პროცესი მთავრობის განსახორციელებელია და მთავარია, მას ყველამ მხარი დავუჭიროთ. ვაცადოთ მთავრობას, რომ კითხვარები სწრაფად შეავსოს.
კითხვარში არაფერი განსაკუთრებული არ არის. შეგიძლიათ, ნახოთ სხვა ქვეყნების კითხვარებიც. ეს არის შეფასება და, ასე ვთქვათ, პასუხები, რაც ემყარება საკანონმდებლო ჩარჩოს და იმ სისტემას, რაც არის. იგი არ არის შეფასებითი, ეს არის ფაქტობრივი მონაცემები, რაც ქვეყანამ უნდა მიაწოდოს ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.