რომან გოცირიძე: პარლამენტი არ ეკუთვნის არც ოპოზიციას, არც უმრავლესობას – უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში სწორია, რომ წარმომადგენელი იყოს ჩვენგანაც

პარლამენტი არ ეკუთვნის არც ოპოზიციას, არც უმრავლესობას – ოპოზიცია აცნობიერებს უკრაინასთან ამ ხელისუფლების მიერ გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობას, კონკრეტულად ვინ იქნება დელეგაციაში პარტიის მხრიდან, მოგვიანებით გადაწყვეტს ფრაქცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში დელეგაციის მონაწილეებს შორის ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნა მნიშვნელოვანია.

“პარლამენტი არ ეკუთვნის არც ოპოზიციას, არც უმრავლესობას, პარლამენტის სახელით გაკეთებულ განცხადებას თუ რეზოლუციას გაცილებით დიდი წონა აქვს, ვიდრე ფრაქციის, როგორი დიდიც ან გავლენიანიც არ უნდა იყოს ის. ამიტომ, უკრაინაში პარლამენტის დელეგაციის წასვლა იქნებოდა უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ არც ოპოზიციას ეხატება გულზე დიდად უმრავლესობა და არც უმრავლესობას ოპოზიცია და სულაც არაა კომფორტული, იყო დელეგაციაში, სადაც მოგიხსენიებენ კრიმინალებად, ომის პარტიად. მიუხედავად ასეთი გამონათქვამებისა, ოპოზიცია აცნობიერებს უკრაინასთან ამ ხელისუფლების მიერ გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობას, კონკრეტულად ვინ იქნება დელეგაციაში პარტიის მხრიდან მოგვიანებით გადაწყვეტს ფრაქცია. მასში ჩვენი მონაწილეობა მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანი იქნება, მითუმეტეს, დელეგაციაში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა იყო ოპოზიციის, საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უკრაინელი მეგობრების ზეწოლის შედეგი და როცა ფაქტობრივად ძალით ჩაგვყავს სახელისუფლებო დელეგაცია, ბუნებრივია, ოპოზიციის გარეშე ვერ იქნება ამ დელეგაციის სტატუსი, როგორც ქვეყნის წარმომადგენლის და სწორია, რომ წარმომადგენელი იყოს ჩვენგანაც, ვინ იქნება, ამას გადაწყვეტს ფრაქცია”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები