„მოქალაქეებმა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით შეისყიდეს, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა“ – ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ადამიას ცნობით, მოქალაქეებმა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ჭარბი რაოდენობით შეისყიდეს, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა.

ამის შესახებ ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი კიდევ უფრო მოიმატებს და დეფიციტი აღმოიფხვრება.

„ჩვენ თურქეთი აღიარებით ქვეყნების სიაში დავამატეთ. გავამარტივეთ აღიარებითი ქვეყნების რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტები მარტივად შემოვა ბაზარზე. რეალურად, მაქსიმალურად იზრდება მისი რაოდენობა. პირველივე კვირაში 80-მდე მედიკამენტი იყო საქართველოში, დღეს უკვე 200-ზე მეტია.
სავარაუდოდ, მოსახლეობის მხრიდან აღქმული იყო, როგორც გარკვეული აქცია და არა – სისტემატური რეჟიმის. მოხდა მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით შესყიდვა, შემდგომი მოლოდინების საპასუხოდ. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს თურქეთიდან იმპორტი, დეფიციტი აღმოიფხვრება და არ გვექნება. ჭარბი რაოდენობით შესყიდვა იყო. თავიდან, ყველა იმპორტიორს, რეალურად, არ ჰქონდა სრულად შემოტანილი, რაც ნელ-ნელა სწორდება. შეიძლება, წერტილოვნად იყოს რაიმე პრობლემა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორებადია“, – განაცხადა ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები